Ჩვენს შესახებ

World Robot Olympiad™

UGLIMes ROBOTICS ACADEMY

Edutus Universitāte

მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის შესახებ

მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადა, რომელიც იმართება 2004 წლიდან, გამოწვევებით სავსე,შემეცნებითი კონკურსია, სადაც მონაწილეები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ახალგაზრდები, ქმნიან  და აწყობენ რობოტებს, რისი საშუალებითაც  ახალგაზრდებს უვითარდებათ შემოქმედებითი აზროვნება, დაგეგმარების და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები.

მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადა ემსახურება ახალგაზრდების  STEM (S-მეცნიერება, T-ტექნოლოგია, E-ინჟინერია, M-მათემატიკა) საგნებით დაინტერესების გაზრდას და მათ შთაგონებას გახდნენ მომავალი ინოვატორები. WRO ნამდვილად არის ის გლობალური კონკურსი, რომლის თითოეული აქტივობა (რომლებიც გულისხმობს რობოტექნიკის შეჯიბრებებს) მოიცავს მეცნიერებას, ტექნოლოგიებსა და ზოგადი განათლების სხვადასხვა სფეროს და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს შემოქმედებითობით, საზრიანობითა და მეთოდური მიდგომებით განივითარონ ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა ნებისმიერ რეალურ სიტუაციასთან გასამკლავებლად.

შეჯიბრში მონაწილეობა შუძლიათ 8-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ოთხ განსხვავებულ კატეგორიასა ( რეგულარულ, ღია, ფეხბურთისა და გაძლიერებული/უმაღლესი რობოტიკის შეჯიბრებში) და 6 სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. შეჯიბრის დროს, რობოტების აწყობისას გუნდებმა უნდა გამოიყენონ LEGO MINDSTORMS®-ის ნაწილები. გარდა ამისა, ნებადართულია დამატებითი ნაწილების ან/და პროგრამული ენების გამოყენება იმის მიხედვით, თუ რომელ კატეგორიასა და ასაკობრივ ჯგუფში მონაწილეობს გუნდი.

საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ყოველ წელს WRO-ს თითოეული დავალება დაფუძნებულია მსოფლიოში არსებულ რეალურ პრობლემებზე. მონაწილეებს უწევთ ისეთ საკითხებზე ფიქრი, როგორიცაა გლობალური კლიმატის ცვლილება,  მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების შემცირება, დიდი რაოდენობით საკვები ნარჩენების განადგურება და ა.შ.

დღესდღობით მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადა იმართება 70 სხვადასხვა ქვეყანაში. მონაწილე ქვეყნებისა და გუნდების რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება. თითოეული ქვეყნის შეჯიბრის გამარჯვებულ გუნდს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ფინალში, რომელიც ტარდება ყოველი წლის ნოემბერში, სხვადასხვა მასპინძელ ქვეყანაში.

იუჯი-ლიმესის შესახებ

იუჯი-ლიმეს რობოტექნიკის აკადემიის დაარსების ისტორია იწყება 2013 წლიდან,  როდესაც ახალგაზრდა სტუდენტებმა გადაწყვიტეს შეექმნათ გარემო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა  ინოვაციური პროდუქტების შექმნა. ასევე ადგილი რომელიც იქნებოდა ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა პროგრამირების, რობოტიკის, ელექტრონიკის, ელექტრული ინჟინერიის,  ახალი გამოგონებებისა და ახალი ტექნოლოგიების შესწავლა. 

ამ იდეის გარშემო გაერთიანებულმა გუნდმა დაიწყო სკოლის მოსწავლეთათვის  და სრულიად საქართველოსთვის ინოვაციური სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომელიც დაფუძნებულია ფუნდამენტური სწავლების პრინციპზე და ანალოგი არ აქვს მსოფლიო მასშტაბით. თითოეული სასწავლო პროგრამა ფოკუსირებულია  პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიაზე, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს თეორიულ კომპონენტთან ერთად განავითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

2015 წელს კომპანია ახერხებს ახალი ინვესტიციის მოძიებას რის შემდეგაც შპს საქართველოს უნივერისტეტთან ფორმდება პარტნიორობის ხელშეკრულება, რამაც კიდევ უფრო გაამყარა კომპანიის პოზიციები და დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი აკადემიის განვითარების.

2016 წლიდან იუჯი-ლიმესის აკადემია გახდა წამყვანი ამერიკული საგანმანათლებლო კომპანიების ELENCO ELECTRONICS  და  littleBits წარმომადგენელი საქართველოში, რაც როგორც კომპანიისთვის, ასევე ქვეყნისთვის, უდიდესი წარმატებაა.

2019 წლიდან აკადემია გახდა მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის ასოციაციის(wro-association) წევრი, რაც ნიშნავს იმას რომ 2020 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად ჩატარდება მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადა. გამარჯვებული გუნდები საქართველოს სახელით გაემგზავრებიან WRO-ს საერთაშორისო ფინალზე. https://wro-association.org/

ედუტუსის უნივერსიტეტის შესახებ

ედუტუსის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1992 წელს ტატაბანიაში (უნგრეთში) გამოირჩევა სტუდენტზე ორინტირებული სწავლებით და სტუდენტსა და ლექტორს შორის  ახლო და მჭიდრო კომუნიკაციის მხარდაჭერით. იგი 2018 წლიდან წარმოადგენს  პრაქტიკული მეცნიერებების უნივერსიტეტს.

ედუტუსი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ეკუთვნის ედუტუსის არაკომერციულ ორგანიზაციას და აღიარებულია უნგრეთის აკრედიტაციის კომისიის მიერ. უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისი კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანები იყვნენ არსებულ შრომით ბაზარზე. ედიტუსი მუდმივად აახლებს სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამებს (მაგალითად, ციხესიმაგრეების ტურიზმი, კონტენტ მარკეტინგი, ინოვაციური ბიზნესები, ელ-ბიზნესი, მენეჯმენტი, ლაზერ ტექნოლოგიები), რითაც საშუალებას აძლევს სტუდენტს მიიღოს სათანადო განათლება და კომპეტენცია, რომელსაც პირდაპირ გამოიყენებს პრაქტიკაში. გარდა ამისა, პრაქტიკულობაზე ორიენტირებული სწავლების გასაძლიერებლად,  უნივერსიტეტმა 2017 წლიდან ორმაგი სასწავლო პროგრამები დანერგა.

ედუტუსი ცდილობს მნიშვნელოვნად წაახალისოს ახალგაზრდები, დააინტერესოს ისინი STEM დისციპლინების მიმართულებით და დაეხმაროს მათ თავიანთი ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში. ამისათვის, ერთ-ერთი უნიკალური შესაძლებლობა სწორედ რობოტების პროგრამირების კონკურსის ორგანიზებაა. ედუტუსი არის First Lego League-ის რეგიონალური ორგანიზატორი, 2014 წლიდან დაიმსახურა გამხდარიყო World Robot Olympiad-ის ეროვნული ორგანიზატორი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წელს მხოლოდ 11 გუნდი მონაწილეობდა, 2019 წელს ეროვნულ ოლიმპიადაში მათი რაოდენობა უკვე 180-ს შეადგენდა. World Robot Olympiad-ით ახალგაზრდების დაინტერესება ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო იზრდება.

2019 წელს, ედუტუსის უნივერსიტეტმა შეძლო გამხდარიყო WRO-ს მე-16 საერთაშორისო ფინალის ორგანიზატორი, ხოლო უნგრეთი იყო პირველი მასპინძელი ქვეყანა ევროპაში. ღონისძიება  2019 წლის ნოემბერში გაიმართა და  მთელი მსოფლიოდან 420 გუნდსა და 12,000 ვიზიტორს უმასპინძლა.

ედუტუსის აღმასრულებელი დირექტორი ზოლტან ზოგი ( Mr. Zoltán Szögi) მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის ასოციაციამ აირჩია სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მის მიერ წარმტებულად ორგანიზებული საერთაშორისო ფინალისა და ცენტრალურ ევროპაში გაწეული სამუშაოსათვის. ედუტუსის მიზანია გააფართოვოს მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის(WRO)  მასშტაბი და ჩართოს სხვა ევროპული ქვეყნებიც. ედუტუსის უნივერსიტეტის გამოცდილებითა და დახმარებით  ოლიმპიადები უკვე ტარდება ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვენიაში, ბოსნია ჰერცოგინიაში, მონტენეგროში, საქართველოში, სერბეთში, ხორვატიასა და სლოვაკეთში, ხოლო 2017 წელს ედუტუსის უნივერსიტეტმა შეძლო WRO-სა და LEGO-ს რობოტიკის ოლიმპიადისთვის  ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება უნგრეთში. ედუტუსის მიზანია გააფართოვოს მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის(WRO)  მასშტაბი, ჩართოს სხვა ევროპული ქვეყნებიც და  მოიპოვოს ფინანსური მხარდაჭერები პარტნიორ ქვეყნებში ორგანიზებული ღონისძიებებისთვისაც.

საქართველოში ედუტუსის უნივერსიტეტმა აღმოაჩინა ძლიერი პარტნიორი იუჯი-ლიმესის რობოტექნიკისა და ელექტრონიკის აკადემიის სახით, რომელიც 2020 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად ჩაატარებს მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის ადგილობრივ(ეროვნულ) ტურს, გამოავლენს გამარჯვებულ გუნდებს რომლებიც საქართველოს სახელით გაემგზავრებიან WRO-ს საერთაშორისო ფინალზე.